ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

ზურაბიშვილი: დაველოდები და დავაკვირდები როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში საქართველოსთან დაკავშირებით

0 680

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დაელოდება და დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კრიტიკას მათი მხრიდან, ვინც მას რუსეთთან რბილი მიდგომის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყოველი პოლიტიკოსი აუცილებლად აწყდება საპირისპირო აზრს.

- Advertisement -

„მე ჩემი ხალხის დაცვა მევალება და არავის მივცემ ნებას, მე პატრიოტიზმის გაკვეთილები ჩამიტაროს. რაც შეეხება პუტინის განცხადებებს ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, ჩვენ დაველოდებით და დავაკვირდებით, როგორ მოიქცევა მოსკოვი სინამდვილეში, მაგრამ ასეთი კომენტარები მუქარებს ნამდვილად სჯობს. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მოვლენების ესკალაციას. მე ვიქნები პირველი, ვინც დეესკალაციას მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება რუს ტურისტებს, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისინი დაბრუნდებიან. საქართველოს კარი მათთვის ღია რჩება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების შემოღების წინააღმდეგია.

პუტინი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ ღირს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.