Just another WordPress site

დეკანოზ მამალაძეს მისი მოძღვარი აზიარებს

0 570

მამა ნიკოლოზ გიგატაძე, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარია, მზად არის დეკანოზი აზიაროს. მამა ნიკოლოზის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ მსჯავრდებული დეკანოზის ზიარება ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“დიახ, მათ შორის მეც მზად ვარ, ვაზიარო. ალბათ, მარტო მე არ ვარ ასეთი და სხვებიც არიან. პასუხისმგებლობას ყველა მღვდელი გრძნობს, როცა აზიარებს ვინმეს. ზიარება ყველას შეუძლია, თუ რამე აკრძალვა არ არის. როცა გამოძიება მიმდინარეობდა, დეკანოზთან ჩვენ საერთოდ არ გვიშვებდნენ, ყველაფერი დახურული იყო. ზიარების სურვილი რომც ყოფილიყო, დეკანოზთან სამღვდელოებას არ გვიშვებდნენ.

ახლა უკვე კურთხევასავით გამოვიდა ეს ნებართვა, რადგან საპატრიარქომ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია მივიდეს და დეკანოზი აზიაროს, თუ საჭიროდ ჩათვლის. ზიარებას წინ აღსარება უძღვის, როცა აღსარებას ჩაიბარებს მოძღვარი მერე გადაწყვეტს ზიარების საკითხს.

თუ არის ეს კურთხევა, რა თქმა უნდა, ვაზიარებ, თუმცა ასე უცებ ეს საკითხი არ გადაწყდება და ალბათ, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩამოვყალიბდები”, – თქვა მამა ნიკოლოზ გიგატაძემ.

საქართველოს საპატრიარქომ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ილია მეორის გადაწყვეტილებით, “ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.” ეს პოზიცია დეკანოზის ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.