Just another WordPress site

ახალგორში სპეცრაზმია მობილიზებული

ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ.

0 379

ოკუპირებულ ახალგორში მობილიზებულია სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმები – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” ოკუპირებული ახალგორიდან აცნობა ორმა წყარომ.

მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით აქტიურობს ე.წ. ომონი, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ჩხრეკენ ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს.

“რადიო თავისუფლების” წყაროების ცნობითვე, ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და შეხვედრა გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო, სიფრთხილე გამოიჩინონ.

ოსური სააგენტო “რესის” ცნობით, ახალგორის რაიონში ხიდის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელს უკავშირდება.

“თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შედგებოდა მაგნიტის ნაჭრების, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და სადენებისგან. ეს ყველაფერი ერთმანეთზე და აგრეთვე მობილურ ტელეფონზე იყო მიმაგრებული საიზოლაციო ლენტით. უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ქსანზე მდებარე ხიდი, რომლის ქვეშაც აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ერთადერთია, რომელიც ლენინგორს რესპუბლიკის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს”, – აცხადებენ ცხინვალში.

ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დაკავშირებულია არჩილ ტატუნაშვილის მიერ დაგეგმილ დივერსიებთან, რადგან სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული სარწმუნო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის ამზადებდა პროვოკაციებს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის“.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

Leave A Reply

Your email address will not be published.